Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი შვილის სიკვდილის შემდეგ, უფლის წინაშე რომ წარდგნენ და დაიხოცნენ.
2უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.
3აი, რით უნდა შევიდეს აარონი საწმიდარში: ხბოთი - ცოდვის გამოსასყიდად და ვერძით - აღსავლენად.
4სელის წმიდა კვართი უნდა ემოსოს და სელის საწმერთული უნდა ეცვას ტანზე, სელის სარტყელი ერტყას და სელის თავსაბურავი ებუროს - ესენი წმიდა შესამოსლებია. წყალში გაიბანოს ტანი და შეიმოსოს.
5ისრაელიანთა საზოგადოებიდან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდად და ერთი ვერძი აღსავლენად.
6შესწიროს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და განიწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი.
7აიღოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
8წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის.
9მიუყვანოს აარონმა უფლის წილხდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდად.
10ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.
11მიიყვანოს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და გაწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი და დაკლას თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო.
12აიღოს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეტსაბმელის იქით.
13დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფარავს საკმევლის კვამლი თავსარქველს, მოწმობას რომ ახურავს, რათა არ მოკვდეს.
14აიღოს ხბოს სისხლი და თითით ასხუროს თავსარქველს წინა მხრიდან, თავსარქველის წინ კი შვიდგზის ასხუროს სისხლი თითით.
15დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
16განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის.
17არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს.
18გავა სამსხვერპლოსთან, უფლის წინაშე რომ არის, და გაწმედს მას. აიღებს ხბოს სისხლს და ვაცის სისხლს და სამსხვერპლოს რქებზე დადებს ირგვლივ.
19ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.
20მორჩება საწმიდარს, სადღესასწაულო კარვის და სამსხვერპლოს განწმედას და მიიყვანს ცოცხალ ვაცს.
21თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით.
22წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში.
23შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ,
24დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს.
25ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე.
26განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.
27ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.
28ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა.
29იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.
30რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები.
31განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი.
32განწმედა უნდა შეასრულოს მღვდელმა, რომელსაც სცხეს ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი სამღვდლოდ მამამისის ნაცვლად. შეიმოსავს სელის შესამოსლებს, საწესო შესამოსლებს.
33გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს.
34იყოს ეს თქვენთვის სამარადისო წესად - რომ შეენდოთ ისრაელიანებს თავიანთი ცოდვები წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Next