თავი - 2
Previous1ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.
2მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
4თუ ღუმელში გამომცხვარს შესწირავ ძღვნად, გამტკიცული ფქვილისგან იყოს ნამცხვრები, უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო და ზეთნაცხები.
5თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.
6თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.
7თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული.
8და მიართვა ამგვარად მომზადებული საძღვნო უფალს. მიუტანე მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
9აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
10რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
11არცერთი საძღვნო, რომელიც უფალს გინდა შესწირო, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის.
12როგორც პირველნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანო კეთილსურნელებად.
13ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
14თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
15დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.
16დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ - დაღერღილი და ზეთიანი მარცვლები მთელი საკმეველითურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
Next