Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან:
2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი - საქონელი და ცხვარი.
3თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
4დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
5დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
6გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ.
7დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე.
8დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
9მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის.
10თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად, მამალი, საღი შესწიროს.
11დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს.
12დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
13ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
14თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად.
15შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს.
16ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოსთან დააგდოს, აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია.
17ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
Next