Eleos

Contents

თავი - 40

Previous
1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.
3დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.
4შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
5დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.
6დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
7დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
8მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან.
9აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია; განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.
10სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.
11სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი.
12მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
13შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.
14მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით.
15სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
16ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.
17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
18აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
19გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
20აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
21შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
22დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
23დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
24დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
25აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
26დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის წინ.
27აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
28ჩამოჰკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან.
29აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
30დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი.
31განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს.
32როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
33მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო.
34დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
35ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.
36როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.
37თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა.
38რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამ-ღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.
Next