Eleos

Contents

თავი - 39

Previous
1ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
2დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
3გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის.
4გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული.
5მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
6დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
7განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
8გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
9ოთხკუთხედი იყო იგი; ორკეცი გააკეთეს სამკერდული - სიგრძით ერთი მტკაველი და სიგანითაც ერთი მტკაველი, ორკეცი.
10ოთხრიგად გააწყვეს მასზე თვლები: ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
11მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
12მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
13მეოთხე რიგი: ქრისოლითი, ონიქსი და ბერილი. ოქროს ბუდეებში იყოს ჩასმული.
14თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული.
15გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი;
16გააკეთა ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ორი რგოლი სამკერდულის ორთავე კიდეს.
17გაუყარა ორი ოქროს წნული ძეწკვი ორ რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
18ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.
19გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
20გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
21გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
22გააკეთა ეფოდის მოსასხამი, ნაქსოვი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
23შუაში ამოჭრილი იყო მოსასხამი ჯაჭვის პერანგივით; ამოჭრილის კიდეს არშია გასდევდა, რომ არ შემორღვეულიყო.
24ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.
25გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.
26ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
27გააკეთეს კვართი სელისგან, ნაქსოვი აარონისთვის და მისი შვილებისთვის,
28თავსაბურველი სელისგან, ქუდი სელისგან და ტილოს შარვალი გრეხილი სელისგან.
29სარტყელი გრეხილი ბისონისგან და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან, ნაქარგი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
30გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე.
31გამოაბა მას ლურჯი ძაფი, რომ თავსაბურველზე მიემაგრებინა ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
32დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს.
33მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები.
34დათრიმლული ტყავის გადასაფარებელი, თახაშის ტყავის გადასაფარებელი და კრეტსაბმელი,
35მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და სახურავი.
36ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური,
37წმიდა სასანთლე და მისი ლამპრები, ჩასამწკრივებელი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობითურთ; და ზეთი გასანათებლად,
38ოქროს სამსხვერპლო, მირონი, სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი კარვის კარისათვის,
39სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისვე ცხაურით, მისი კეტები და მთელი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით,
40ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის,
41საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი და მისი შვილების სამღვდელო შესამოსელი.
42როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
43ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
Next