Eleos

Contents

თავი - 38

Previous
1გააკეთა ურთხელისგან აღსავლენის სამსხვერპლო, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა.
2გაუკეთა რქები ოთხსავე კუთხეში - მისგანვე გამოდიოდა რქები - და სპილენძით მოჭედა.
3დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეუობა: ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და მაშები; მთელი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთა.
4დაუყენა სამსხვერპლოს ცხაური, სპილენძისა, დის მაგვარი, ქვემოდან მის ნახევრამდე.
5ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხივე კუთხისთვის კეტების გასაყრელად.
6ურთხელისგან გააკეთა კეტები და სპილენძით მოჭედა.
7გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს გვერდებზე, რომ მისი ტარება შეძლებოდათ. ღრუ გააკეთა იგი, ფიცრებისგან.
8გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
9მოაწყო ეზო; სამხრეთის მხარეს ეზოს ფარდები გრეხილი სელისგან იყო - ასი წყრთა.
10მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისგან, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.
11ჩრდილოეთ მხარეს ასი წყრთა ფარდა; მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა.
12დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა; მისი ათი სვეტი და ათი ფეხი; სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.
13აღმოსავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა.
14თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთ ფრთაზე; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.
15მეორე ფრთისათვის, ეზოს კარის ორსავე მხარეს, აქეთ და იქით თხუთმეტი წყრთა ფარდა; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.
16ეზოს ყველა ფარდა მისი ირგვლივ გრეხილი სელისა იყო.
17სვეტების ფეხები სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა, თავები ვერცხლით მოჭედილი, ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო დამაგრებული.
18ეზოს კარის ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა იყო - სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე ეზოს ფარდების შესაბამისად.
19მისი ოთხი სვეტი ოთხი ფეხითურთ სპილენძისა, ვერცხლის კაუჭები, თავები ვერცხლით მოჭედილი და ვერცხლის სამაგრები.
20სავანისა და ეზოს ირგვლივ ყველა პალო სპილენძისა იყო.
21აჰა, სავანის, მოწმობის სავანის ანგარიში, რომელიც ნაანგარიშევი იყო მოსეს ბრძანებით - ლევიანთა მთელი სამუშაო ითამარ აარონის ძის, მღვდლის, ხელმძღვანელობით.
22ბეცალიელმა ძემ სურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, გააკეთა ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
23მასთან ერთად ოჰოლიაბ ახისამაქის ძემ, დანის შტოდან, ხარატმა, მქსოველმა და მქარგველმა ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა და სელისა.
24მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყველა საქმეზე, მთელი შემოწირული ოქრო ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას ოცდაათი შეკელი იყო, საღვთო შეკელით.
25ხოლო ვერცხლი მთელი საზოგადოებისა, რაც დათვლილი იყო, შეადგენდა ას ქანქარს და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტ შეკელს საღვთო შეკელით.
26თითოეულისგან ერთი ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი საღვთო შეკელით, ყველასგან, ვინც კი აღრიცხული იყო ოცი წლიდან ზემოთ, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცისგან.
27ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.
28ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი ვერცხლისგან გააკეთა სვეტების კაუჭები, მოუჭედა თავები და სამაგრები გაუკეთა.
29შემოწირული სპილენძი იყო სულ სამოცდაათი ქანქარი და ორიათას ოთხასი შეკელი.
30გააკეთა მისგან ფეხები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისავე ცხაურითურთ და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეული.
31ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო.
Next