Eleos

Contents

თავი - 65

Previous
1მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.
2დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;
3ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს.
4დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს, ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში.
5ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს.
6აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს.
7მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს.
8ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო.
9გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.
10გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
11თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო,
12სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით.
13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!
14აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!
15დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს.
16ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება.
17რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა.
18მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად.
19მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა.
20არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება.
21ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.
22არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები.
23ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან.
24ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე.
25მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.
Next