თავი - 64
Previous1ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები.
2როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე.
3უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს.
4შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?
5ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.
6არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.
7ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი.
8მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!
9შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი!
10ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.
11ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?
Next