Eleos

Contents

თავი - 63

Previous
1ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!
2რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით?
3მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.
4რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.
5მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე.
6დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.
7მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით.
8თქვა: ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და მოევლინა მათ მხსნელად.
9ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.
10მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.
11მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში,
12წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად?
13მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით?
14ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად.
15გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემს მიმართ.
16შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან.
17რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის!
18მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდათი.
19ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი!
Next