Eleos

Contents

თავი - 62

Previous
1სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა.
2დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ.
3იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.
4აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება.
5როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.
6შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ!
7ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე.
8დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული!
9რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში.
10შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს.
11აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წანაა მისი გასამრჯელო!
12დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი.
Next