Eleos

Contents

თავი - 66

Previous
1ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?
2ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
3არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას,
4მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ.
5ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: ამბობენ თქვენი ძმები - თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისთვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თაეისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული. მაგრამ შერცხვებიან ისინი.
6აჰა, ხმა განგაშისა ქალაქიდან, ხმა სასახლიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის საზღაურის მიმგებელისა.
7ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა.
8ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?
9მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? ამბობს შენი ღმერთი.
10იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!
11რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით.
12რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები.
13როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
14დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი - მის მტრებს.
15რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი.
16რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი.
17ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი.
18რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას.
20წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში.
21მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი.
22რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
23მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
24გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.
Next