Eleos

Contents

თავი - 58

Previous
1ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები.
2ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ.
3რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.
4აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.
5განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?
6განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?
7რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
8მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
9მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;
10თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.
11უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება.
12აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის.
13თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,
14მაშინ ინეტარებ უფალში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა.
Next