თავი - 57
Previous1იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.
2ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი.
3ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო!
4ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?
5რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში?
6რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი, სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს დამშვიდებით?
7მაღალ და დიდ მთაზე გაქვს მოწყობილი საწოლი; იქაც კი ახვედი მსხვერპლის შესაწირად.
8კარსა და წყრთილებს უკან დაგისვამს შენი ნიშნები, რადგან ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი შეჰკარი მათთან, შეიყვარე მათი საწოლი კაცობის შემყურემ.
9წახვედი მეფესთან ზეთნაცხები, გაიუხვე ნელსაცხებლები, შორიდან აგზავნი მოციქულებს, ქვესკნელამდე დაიმდაბლე თავი.
10დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო. სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ.
11ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.
12მე გიცხადებდი შენს სიმართლეს და საქმეებს, მაგრამ სარგებლობა არ მოჰქონდა შენთვის.
13როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს. ჩემი მოსავი კი ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.
14თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ ბორკილი ჩემი ხალხის გზას!
15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
16რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.
17მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მადიოდა თავისი გულის გზით.
18მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ.
19და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას.
20ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს.
21არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის.
Next