თავი - 56
Previous1ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება.
2ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი.
3ნუ იტყვის უცხოს შვილი, უფალს მიკრული, უფალმა ჩემს ხალხს მომწყვიტაო, და ნუ იტყვის საჭურისი, აჰა, გამხმარი ხე ვარო,
4რადგან ამბობს უფალი: საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა,
5მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება.
6უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის მტკიგედ დამჭერს,
7მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა.
8ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს.
9ველის მხეცებო და ტყის მხეცებო, ყველანი მოდით და ჭამეთ!
10დარაჯები ბრმები არიან ყველანი, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა არ შეუძლიათ, თვლემენ, ძირს ყრიან, ძილის მოყვარულნი.
11ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.
12მოდით, ვიშოვი ღვინოს და დავთვრეთო სასმელით; დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩებაო!
Next