Eleos

Contents

თავი - 59

Previous
1აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს.
2მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,
3რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს.
4არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ.
5ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება.
6მათი აბლაბუდა სამოსელისთვის არ ვარგა და თავიანთ ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ; მათი ნაკეთები უკეთური ნაკეთებია და ძალადობაა მათ ხელებში.
7ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე.
8მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა.
9ამიტომაც განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე. მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას - და ბნელში დავდივართ!
10ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ, თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც მკვდრები უკუნეთში.
11დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.
12რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით:
13უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა.
14უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის.
15გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი.
16ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას.
17ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.
18საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს.
19შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში - მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ.
20მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი.
21აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე.
Next