თავი - 49
Previous1მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.
2გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა.
3მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას.
4მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური!
5ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი.
6თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.
7ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია.
8ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად,
9გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი.
10არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
11ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა.
12აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან!
13გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი.
14თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.
15განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.
16აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა.
17აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
18თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი.
19რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან.
20კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები: მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო!
21იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?
22ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი.
23მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.
24თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს?
25ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ.
26საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
Next