თავი - 50
Previous1ასე ამბობს უფალი: სად არის დედაშენის გაყრის წიგნი, რომლითაც გავუშვი იგი? ან რომელი ჩემი მევალისთვის მიმიყიდიხართ? აჰა, თქვენი ცოდვების გამო ხართ გაყიდულნი და თქვენს დანაშაულთა გამოა გაშვებული დედათქვენი.
2რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი? მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან.
3მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
4უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.
5უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ.
6ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
7მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.
8ახლოს არის ჩემი გამმართლებელი. ვინ არის, რომ მედავება? დავდგეთ ერთად, ვინ არის ჩემი მომჩივანი? ახლოს მოვიდეს.
9აჰა, უფალი შემეწევა; ვინ გამამტყუნებს? აჰა, სამოსელივით გაცვთებიან ყველანი, ჩრჩილი შეჭამთ მათ.
10ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს.
11აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, კოცონების გამჩაღებლებო, ყველანი შემოდით თქვენი ცეცხლის ალში და თქვენს გაჩაღებულ კოცონებში. ეს დაგემართებათ ჩემი ხელით: კერპებისთვის შეიწირებით.
Next