თავი - 48
Previous1ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!
2რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
3თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.
4რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
5მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.
6შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი.
7ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო.
8არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე.
9ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო.
10აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე.
11ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.
12მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.
13ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
14შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს.
15მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც, მოვიყვანე და გზა წარვუმართე.
16მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.
17ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.
18ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
19ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე.
20გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!
21არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.
22არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.
Next