თავი - 47
Previous1ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.
2აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეებზე.
3გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს.
4ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა.
5იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი.
6განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი.
7შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე.
8ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო.
9მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები.
10შენი სიავის იმედი გქონდა, ამბობდი: არავინ არის ჩემი დამნახავიო. შენი სიბრძნე და ცოდნა გაცთუნებდა და ამბობდი გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო.
11გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ.
12იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე.
13დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!
14აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად!
15ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი მშველელი კი არავინ იქნება.
Next