Eleos

Contents

თავი - 44

Previous
1ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო!
2ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.
4აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე.
5ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული.
6ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი.
8ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.
9კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან.
10ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი?
11აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.
12რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება.
13ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად.
14კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის.
15დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე.
16მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!
17მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო.
18არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.
19გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო?
20ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?
21გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები.
22ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.
24ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,
25რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია.
26რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!
27რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
28რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!
Next