თავი - 43
Previous1ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.
2როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.
3რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ.
4რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი სულისათვის.
5ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ.
6ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან.
7ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
8გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი.
9ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!
10თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
12მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
13დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
14ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
15მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.
16ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში;
17ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ.
18ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ.
19აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს.
20პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული.
21ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის.
22შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ!
23არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით.
24არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით.
25მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.
26გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო.
27შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები ამიჯანყდნენ მე.
28ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად გადავეცი იაკობი და ისრაელი - შესაგინებლად.
Next