Eleos

Contents

თავი - 42

Previous
1აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს.
2ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
3გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს.
4არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი.
5ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:
6მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,
7რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი.
8მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს.
9აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ.
10უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!
11ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ!
12მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!
13როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ.
14დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
15გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს.
16წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
17უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკთა მოესავნი, კერპებს რომ ეუბნებიან: ჩვენი ღმერთები ხართო.
18ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ!
19ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით?
20ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის.
21უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული.
22მაგრამ ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე!
23რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მოწევნადი?
24ვინ მისცა დამარბეველს იაკობი და ისრაელი - მძარცველებს? განა ეს უფალი არ იყო, რომელსაც შევცოდეთ, არ ვიარეთ მის გზებზე და მისი რჯული არ შევისმინეთ?
25გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყო, წვავდა და გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.
Next