Eleos

Contents

თავი - 41

Previous
1იდუმეთ ჩემს წინაშე, ზღვისპირელნო! ხალხებმა განიახლონ ძალი, რომ ახლოს მოდგნენ და მაშინ ილაპარაკონ! ერთად მოვახლოვდეთ მსჯავრისათვის.
2ვინ აღძრა აღმოსავლეთით იგი, ვისაც გამარჯვება ხვდება ყოველ ნაბიჯზე? მის წინაშე მიიყვანა ხალხები და მეფეები დაუმორჩილა. მან გაუცამტვერა მახვილი, ჩალასავით დაულეწა მშვილდი.
3დაედევნება მათ, მშვიდობით ჩაივლის გზაზე, სადაც ფეხი არავის დაუდგამს.
4ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.
5დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ.
6ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი!
7მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
8შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო,
9რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.
10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
11აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი.
12ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი.
13რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი.
14ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
15აჰა, გაქცევ გალესილ, ახალთახალ, დაკბილულ კევრად; გალეწავ მთებს და დააქუცმაცებ, ბზესავით გახდი მთაგრეხილებს.
16გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები.
17ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
18გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად.
19დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს; აღვმართავ ტრამალზე ალვას ნეკერჩახლთან და ბზასთან ერთად.
20რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს.
21წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
22მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ.
23გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად.
24აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით.
25ჩრდილოეთიდან აღვძარი და მოვიდა; მზის აღმოსავლიდან უხმობს ჩემს სახელს და მოდის; მთავრები თითქოს თიხაა და მეთუნესავით დაჯეგავს აყალოს.
26ვინ გამოაცხადა დასაბამით, რომ გვცოდნოდა? ადრიდანვე, რომ გვეთქვა: ის მართალია? მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის უცნობებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27მე პირველმა სიონს: აჰა, აჰა, ისინი-მეთქი! და იერუსალიმს: მახარობელს მოგცემ-მეთქი!
28გავიხედე და არავინ იყო, არ იყო მრჩეველი მათ შორის, რომ შევკითხოდი და პასუხი გაეცათ.
29აჰა, არარანი არიან ყველანი, ფუჭია მათი საქმეები, მათი კერპები ქარია და სიცარიელე.
Next