თავი - 40
Previous1ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი.
2მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.
3ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!
4ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება.
5გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს.
6ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი.
7ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.
8გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ.
9ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი!
10აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო.
11როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.
12ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?
13ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
14ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
15აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს!
16ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ მსხვერპლად!
17ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში.
18ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?
19ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული.
20ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს.
21ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს.
24ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.
26ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.
27რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი?
28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
29ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
30იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან.
31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
Next