Eleos

Contents

თავი - 45

Previous
1ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს.
2მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,
3მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.
4ჩემი მორჩილის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ.
5მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.
6რათა გაიგონ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.
7ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
8იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.
9ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?
10ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეთ? და ქალს: რისთვის იტანჯეო?
11ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე?
12მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.
13მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუულებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი.
14ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა.
15ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი.
16შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.
17უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე.
18რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.
19საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი.
20შეგროვდით და მოდით, ახლოს მოდექით ერთად, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი ესმით თავიანთი ხის კერპების მტვირთველებს და იმ ღმერთის მლოცველთ, რომელსაც არ ძალუძს გადარჩენა.
21გამოაცხადეთ, მოდექით, მოითათბირეთ ერთმანეთში: ვინ გვასმინა ეს ძველთაგანვე, დიდი ხნის წინათ ვინ გამოაცხადა? ეს მე არ ვიყავი, უფალი? არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა; მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.
22ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
23ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.
24მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ.
25უფალში გამართლდება და განდიდდება მთელი მოდგმა ისრაელისა.
Next