Eleos

Contents

თავი - 33

Previous
1ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!
2უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად გასაჭირში!
3შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და იფანტებიან ხალხები.
4აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის.
5აღზევებულია უფალი, რადგან მაღლაა დავანებული, აავსო სიონი სამართლითა და სიმართლით.
6ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.
7აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის მოციქულნი მწარედ ატირდებიან.
8გაუდაბურდა გზები, გადაშენდა მგზავრი; დარღვეულია აღთქმა, მოწმენი ათვალწუნებული, ადამიანი არადჩაგდებული.
9გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი, გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა ფოთოლი.
10ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა ავიმართები.
11თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივე შემჭმელი.
12საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფელი ძეძვივით ჩაიწვებიან ცეცხლში.
13გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება!
14შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?
15მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე -
16აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი.
17შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას.
18შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი?
19თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს.
20შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება.
21რადგან იქ გვეყოლესა უფლის ძალი მდინარეთა და ფართე არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ გაივლის.
22რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ.
23მოშვებულია შენი სახელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც დაიწყებენ ალაფობას.
24არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული.
Next