თავი - 32
Previous1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
2თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.
3არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.
4თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება.
5აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ.
6რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.
7ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი.
8ღირსეული კი ღირსეულს იზრახავს და ღირსებაზე დგას.
9უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი!
10ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება.
11გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი მოისარტყლეთ.
12მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა გამო.
13ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს; ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა გამო!
14რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.
15ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება.
16მაშინ დაივანებს უდაბნოში სამართალი და სიმართლე დამკვიდრდება წალკოტში.
17მაშინ სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე.
18დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში.
19მოვა სეტყვა და ტყე დაბლა ჩამოიწევს და ქალაქი ბარად გაივაკებს.
20ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს!
Next