Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან.
2მაგრამ ბრძენია ის და უბედურება მოაქვს. არ გადათქვამს თავის სიტყვებს, წინ აღუდგება უკეთურთა სახლს და ავისმქმნელთა შემწეობას.
3კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან.
4რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე.
5როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს.
6დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით!
7რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს.
8არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ.
9შიშით ჩაუვლის თავის კლდეს და დაფრთხებიან მისი მთავრები დროშის წინაშე, ამბობს უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი - იერუსალიმში.
Next