Eleos

Contents

თავი - 30

Previous
1ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.
2ეგვიპტეში რომ ჩადიან და ჩემს ბაგეებს არ ეკითხებიან, რათა ფარაონის მფარველობა ეძებონ და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი!
3სირცხვილად ექცევათ მათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში შეფარება - დამცირებად.
4რადგან მათი მთავრები ცოყანში არიან და მათმა მოციქულებმა ხანეს მიაღწიეს.
5ყველა სირცხვილს ჭამს იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ გამოადგებათ მათ, ვერც იხსნის, ვერც უშველის, მხოლოდ შეარცხვენს და მოაყივნებს.
6ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით - თავიანთი განძეულობა იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ.
7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
8ახლა წადი და ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე.
9რადგან ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება;
10რომლებიც ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!
11გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.
12ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: რადგან შეიძულეთ ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედი გაქვთ და ამას ემყარებით,
13ამიტომ ეს დანაშაული იქნება თქვენთვის მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს.
14დაინგრევა, როგორც იმსხვრევა მექოთნეთა ჭურჭელი, უწყალოდ დალეწილი, და ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვნის მის ნამსხვრევებში, რომ კერიდან ცეცხლი აიღოს ან საგუბარიდან წყალი ამოხაპოს.
15რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ არ ინდომეთ,
16თქვით: არა, ცხენებით გავიქცევით, ამიტომაც გაიქცევით! მკვირცხლებზე ავმხედრდებითო, იმიტომაც მკვირცხლები იქნებიან თქვენი მდევრები.
17ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით, ვიდრე სამანივით არ შერჩებით მთის წვერს და მაღლობს - ნიშანივით.
18მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.
19რადგან ერი სიონში იცხოვრებს, იერუსალიმში; აღარ გექნება სატირალი, წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე; როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს.
20მოგცემთ უფალი ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს და აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები.
21თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ.
22სიბილწედ შერაცხავთ ვერცხლით მოჭედილ თქვენს კერპებს და თქვენი აღალმების ოქროს შესამოსელს, გაფანტავთ როგორც სიბინძურეს, განვედო, ეტყვით.
23მოსცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს - მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე.
24ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, გადარჩეულს ნიჩბითა და სანიავებლით.
25ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები, წყლის ნიაღვრები დიდი შემუსრვის დღეს, როცა დაეცემიან გოდოლები.
26მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს.
27აჰა, უფლის სახელი შორიდან მოდის; გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი, მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
28მისი სუნთქვა, როგორც მოვარდნილი ნიაღვარი, ყველამდე უწვდენს, რომ გაცხრილოს ხალხები აღსპოლვის ცხრილში; რომ ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად.
29სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის განათვლის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურით მიმავალს უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე ასასვლელად.
30გამოსცემს უფალი თავის დიდეხულ ხმას და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხაში და თავსხმაში, ქვის სეტყვაში.
31რადგან უფლის ხმაზე დაფრთხება აშური, როცა ატყდება კვერთხის ცემა.
32ყოველ ჩავლაზე დამსჯელი კეტისა, რომელსაც მათზე შემართავს უფალი, დაფდაფთა და ქნართა ხმა გაისმება და მოღერებული მკლავით შეებმება მათ.
33რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.
Next