თავი - 29
Previous1ვაი არიელს, არიელს, ქალაქს, დავითი სადაც დაბანაკდა! მიუმატე წელიწადს წელიწადი, ერთმანეთს მიჰყვეს დღესასწაულები.
2შევაჭირვებ არიელს, ატყდება ვაი და ვიში და არიელად შეიქნება ჩემთვის.
3ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ, გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ.
4ჩაიფლობი, მიწიდან დაიწყებ ლაპარაკს და ჩაიხშობა შენი ნათქვამი, ლანდივით ამოვა შენი ხმა მიწიდან და მტვერიდან აჩურჩულდება შენი ნათქვამი.
5მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად.
6ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება გრგვინვით და მიწისძვრით და მაღალი ხმით, ქარიშხლით და გრიგალით და შემჭმელი ცეცხლის ალით.
7სიზმარივით, ღამეულ ჩვენებასავით იქნება არიელზე გალაშქრებული დიდძალი ხალხი და ყველა, ვინც თავს ესხმის მას და მის ციხე-სიმაგრეებს, ვინც მას აჭირვებს.
8როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ცარიელი აქვს მუცელი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ღონემიხდილია და სწყურია მის სულს. ასე იქნება დიდძალი ხალხი, რომელიც თავს ესხმის სიონის მთას.
9თავი გაიშტერეთ და გაშტერდით! თავი დაიბრმავეთ და დაბრმავდით! მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, ბარბაცებენ, მაგრამ არა თაფლუჭით.
10რადგან გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული და დაგიხუჭათ თვალები, წინასწარმეტყველნო, და დაგიფარათ თავები, მისნებო.
11იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი.
12ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი.
13თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,
14ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება.
15ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?
16თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, ან შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო?
17ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება.
18გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.
19ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.
20რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი;
21რომლებიც სიტყვით აცთუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს.
22ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ გაუფითრდება სახე.
23რადგან როცა დაინახავს თავის მონაგარს, ჩემს ხელთა ქმნილებას, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს, წმიდაყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.
24ჭკუადაბნეულნი გონს მოეგებიან და ჭირვეულნი დაიმოძღვრებიან.
Next