თავი - 28
Previous1ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!
2აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში, დამქანცველი ქარიშხალი, როგორც წყალდიდობის ნიაღვარი, მიწას დაანარცხებს თავისი ხელით.
3ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი!
4მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს.
5იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.
6და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან.
7მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.
8რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
9ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ?
10რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ;
11რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.
12მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს! აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ.
13მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ.
14ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში!
15რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად.
16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
17დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.
18გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
19როგორც კი ჩამოივლის, შეგიპყრობთ თქვენ; რადგან ყოველ დილით ჩამოივლის, დღისით და ღამით. მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი იქნება.
20რადგან მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო იქნება საბანი გადასახურავად.
21რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად.
22ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება.
23ყურადიღეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, გაიგონეთ და შეისმინეთ ჩემი სიტყვა:
24განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას?
25განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე?
26ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.
27რადგან კევრით არ ლეწაკენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატარებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით - კვლიავი.
28პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას.
29ესეც ცაბაოთ უფლისგან მოდის; საკვირველია მისი რჩევა და სიბრძნე მისი - დიდებული.
Next