Eleos

Contents

თავი - 34

Previous
1ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა!
2რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა.
3მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან.
4დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.
5რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად.
6უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.
7კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი.
8რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის.
9მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
10არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ.
11ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.
12მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან.
13მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად.
14ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს.
15აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ.
16მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა.
17მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ.
Next