Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად.
2გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!
3ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
5რადგან დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა.
6თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები.
7სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს.
8შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული.
9ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.
10შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს.
11უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
12უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს.
13უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვა მეუფენი გვბატონობდნენ, მაგრამ მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს.
14მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.
15შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები.
16უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
17როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე!
18მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.
19გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას.
20წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
21რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს.
Next