თავი - 25
Previous1უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.
2რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი - ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება.
3ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი.
4რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია,
5როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა.
6გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით.
7გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ.
8შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
9იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!
10რადგან დაადგრება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე.
11ხელებს გაშლის მის შუაგულში, როგორც მოცურავე შლის საცურაოდ ხელებს, მაგრამ დასცემს უფალი მის სიამაყეს მისი ხელის ხრიკებთან ერთად.
12ჩამოაქცევს, დაამხობს შენი გალავნის მაღალ ბურჯებს, მიწასთან გაასწორებს.
Next