Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?
2გნიასით სავსევ, აჩოჩქოლებულო ქალაქო, შფოთიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ განგმირულან და ბრძოლაში არ დახოცილან.
3შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ, ყველა შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია!
4ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.
5რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება.
6ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და კიროსმა ფარი გააშიშვლა.
7შენი რჩეული ყანები ეტლებმა აგივსეს და ცხენოსნები კარიბჭეს მიაწყდნენ.
8აეხადა საფარველი იუდას და შენ მოიკითხე იმ დღეს საჭურველი მაღნარის სახლში.
9ნახეთ, რომ ბევრია ნაპრალი დავითის ქალაქში და ქვემო ტბორში წყალი დააგუბეთ.
10აღრიცხული გაქვთ სახლები იერუსალიმში და ანგრევთ სახლებს გალავნის გასამაგრებლად.
11მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ.
12იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
13მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.
14გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
15ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს;
16აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი.
17აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის,
18როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი ბატონის სახლის თავსლაფი!
19გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან.
20იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
21და შენი შესამოსელით შეგმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
22მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
23სამსჭვალივით ჩავარჭობ მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება.
24მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას - მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე.
25იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი, გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა.
Next