თავი - 23
Previous1ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.
2დადუმდით, ზღვისპირეთის მცხოვრებნო, და შენ, ვინც ივსებოდი ზღვათა დამლახველი ციდონელი ვაჭრებით!
3დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი - მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი.
4გრცხვენოდეს, ციდონო! რადგან ზღვამ თქვა, ზღვის ძალა ამბობს: სალმობაში არ ვყოფილვარ და არც მიშვია, ვაჟკაცები არ გამომიკვებავს და ქალწულები არ გამიზრდია.
5როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტიროსის გამო.
6თარშიშში წადით, ივალალეთ, ზღვისპირეთის მცხოვრებნო!
7ეს არის თქვენი მოზეიმე ქალაქი, რომელსაც ძველ დღეებში აქვს დასაბამი? საკუთარი ფეხით გადაიხვეწება შორეთში!
8ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი?
9გაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი.
10გადაიარე ნილოსივით შენი მიწა, თარშიშის ასული, სხვა გასასვლელი აღარ არის!
11ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი.
12თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი.
13აჰა, ქალდეველთა ქვეყანა! ადრე არ იყო ეს ხალხი. აშურმა დააფუძნა ის ველურთაგან. მიადგეს კოშკები და დაამხეს მისი სასახლეები, ნანგრევებად აქციეს.
14ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან იავარქმნილა თქვენი სიმტკიცე!
15იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე. სამოცდაათი წლის ბოლოს აუხდება ტიროსს მეძავის სიმღერა.
16აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ!
17სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს ბოზობას ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე.
18მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ.
Next