თავი - 21
Previous1ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.
2სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას.
3ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.
4გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა.
5ტაბლა გაშლილია, დაგებულია საგებელი; ჭამენ და სვამენ. აღდექით, მთავარნო, გაპოხეთ ფარები!
6რადგან ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს!
7ხედავს ეტლიონს, დაწყვილებულ ცხენოსნებს, სახედართა ეტლიონს, აქლემების ეტლიონს. აკვირდება, გულისყურით აკვირდება.
8იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები.
9აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები! კვლავ თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა.
10ჩემო გალეწილო და განიავებულო, რაც ცაბაოთ უფლისგან, ისრაელის ღვთისგან, გავიგონე, ის გამოგიცხადეთ.
11დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?
12ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!
13არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!
14წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს.
15რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას.
16რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას.
17მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი, რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები.
Next