Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!
2გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და ვერავინ დააფრთხობს მათ.
3არაფერი დარჩება ეფრემის ციხე-სიმაგრისგან, დამასკოს სამეფოსგან და არამის ნატამალისგან, ისრაელიანთა დიდებას გაჰყვებიან, ამბობს ცაბაოთ უფალი.
4იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება.
5იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება.
6დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.
7იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას.
8აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს.
9იმ დღეს უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი გამაგრებული ქალაქები, ისრაელიანთაგან მიტოვებული, და გაუდაბურდება.
10რადგან დავიწყებული გყავს შენი ხსნის ღმერთი და კლდე შენი სიმტკიცისა აღარ გახსოვს; რადგან გაგიშენებია ნეტარების ბაღები და უცხო ვაზი ჩაგიყრია.
11იმ დღეს ააღორძინებს შენს დარგულს და იმ დილას ააყვავებ შენს დათესილს, მაგრამ ალოობისას უკურნებელ მწუხარებას მოიმკი.
12ვაი, ხმაურს დიდძალი ხალხისა! ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით.
13ხალხები ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით; დააფრთხობს მათ და შორს გაიქცევიან, გაიხვეტებიან, ქარისაგან, როგორც მთაზე თივის ბულული და ბზის მტვერი ქარბორბალასგან.
14დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი მძარცველების წერა.
Next