თავი - 16
Previous1გაუგზავნეთ კრავი ქვეყნის მპყრობელს სელაყიდან სიონის ასულის მთაზე უდაბნოს წიაღ!
2ბუდემოშლილი, დევნილი ფრინველივით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებთან.
3მიეცი რჩევა, ქმენი სამართალი, გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, როგორც ღამით; დაიფარე ლტოლვილი, ნუ გასცემ დევნილს.
4შეგეხიზნონ ჩემი ლტოლვილი მოაბელები, შეიფარე ყაჩაღებისგან, ვიდრე არ შეწყდება მძლავრობა, ვიდრე ბოლო არ მოეღება ყაჩაღობას, ვიდრე დამთრგუნველი არ გადაშენდება ამ ქვეყნიდან,
5და წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში.
6გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი.
7ამიტომ ივალალოს მოაბმა, ყველამ ივალალოს მოაბზე. იგლოვეთ კირ-ხარესეთის ტყლაპები, განადგურებულნო!
8რადგან გადახმა ხეშბონის ყანები, სიბმას ვენახები; ხალხთა მბრძანებლებმა აკაფეს მისი რჩეული ვაზი, იაყზერამდე, უდაბნოში რომ მიიკლაკნებოდა, მისი გაშლილი რტოები ზღვის გაღმა რომ უწვდენდა.
9ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში ჩამწყდარია ჰედადის ძახილი.
10ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და ვენახებში აღარ გაისმება სიმღერა და გუგუნი, საწნახლებში ღვინოს აღარ წურავენ; შევწყვიტე ჰედადის ძახილი.
11ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი გული - კირ-ხარესზე.
12აჰა, გამოჩნდება დაქანცული მოაბი გორაკზე და შევა თავის საწმიდარში სალოცავად, მაგრამ არაფერი ეშველება.
13ეს არის სიტყვა, რომელიც რა ხანია წარმოთქვა უფალმა მოაბზე.
14ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები.
Next