თავი - 14
Previous1რადგან შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ გამოარჩევს ისრაელს, მათსავე მიწაზე დაასახლებს. უცხონი შეეთვისებიან მათ და მიემაგებიან იაკობის სახლს.
2აიყვანენ მათ ხალხები და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე, დაისაკუთრებს მათ ისრაელი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევართ და თავიანთ მჩაგვრელებზე იბატონებენ.
3იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები.
4წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!
5როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი,
6რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ!
7დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს.
8ალვები ხარობენ შენს გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან.
9ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.
10ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე.
11შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
13გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
14მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
15მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
16შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
17ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?
18ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში.
19შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.
20ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ.
21საკლავად განამზადე მისი შვილები მამების ცოდვებისთვის, რომ არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, მტრებით არ აავსონ. მიწის პირი.
22აღვდგები მათ წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს, ამბობს უფალი.
23ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
24დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება.
25შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ.
26აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული!
27ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?
28ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს.
29ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება.
30უპოვართა პირმშონი გამოიკვებებიან და ღარიბ-ღატაკნი სამშვიდობოს დამყუდრდებიან; შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენს ნარჩომს ამოვწყვიტავ.
31მოთქვამდე, კარიბჭევ, გოდებდე, ქალაქო, ძრწოდე, ფილისტიმის ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან წამოვა კვამლი და გაიფანტება მისი ბანაკი.
32რას იტყვიან ხალხის მოციქულები? - რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
Next