თავი - 13
Previous1განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
2ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით.
3მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ.
4მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს.
5შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად.
6მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან.
7ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია.
8შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ.
9აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან.
10რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს.
11მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ.
12დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად.
13ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს.
14შეიქნებიან დევნილი ქურციკებივით და უმწყემსოდ დარჩენილ ფარასავით; ყველა თავის ხალხს მიაშურებს, ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა.
15ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
16მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.
17აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ.
18მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი.
19ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.
20არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ.
21უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას.
22ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება.
Next