თავი - 2
Previous1მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.
2როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!
3როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
4შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი.
5გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.
6ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი!
7გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.
8აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე.
9ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.
10მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
11რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა.
12ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში.
13ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
14შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.
15დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.
16ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის!
17ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ!
Next