თავი - 1
Previous1ქებათა ქება სოლომონისა.
2მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
3სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.
4თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
5შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
6ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
7მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
8თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
9ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
10მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული.
11ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ.
12ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
13მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
14ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
15აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
16აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.
17სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის.
Next