თავი - 12
Previous1გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?
2ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ,
3იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები (რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ,
4ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა,
5შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, -
6ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში,
7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
8ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ყოველივე ამაო.
9თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც შეასწავლა სიბრძნე. იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს.
10ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები.
11ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია. იგავთა კრებული ერთი მწყემსისგან შთაგონებული.
12კიდევ გეტყვი, შვილო, ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს.
13მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი.
14რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს.
Next