თავი - 9
Previous1ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
2ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.
3უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.
4რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია.
5რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.
6წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.
7წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი.
8მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი და ზეთი არ მოაკლდეს თავს შენსას.
9დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს შენს წუთისოფელში, და რომელიც მოგცა ღმერთმა მზისქვეშ შენს წუთისოფელში, რადგან ესაა შენი ხვედრი სიცოცხლეში და იმ შრომაში, რასაც შენ მზისქვეშ ეწეოდი.
10რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
11ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.
12რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
13ეს სიბრძნეც შევიტყვე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე იგი:
14იყო ქალაქი მცირე და ხალხიც ცოტა; მოადგა ქალაქს დიდი მეფე, ალყა შემოარტყა და შემოაშენა დიდი სიმაგრეები.
15აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.
16ვთქვი: სიბრძნე ძალზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს.
17ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
18ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს.
Next