თავი - 8
Previous1ბრძენს ვინ შეედრება და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათლებს და მისი სახის სიტლანქე იცვლება.
2გეუბნები, ასრულებდე მეფის ბრძანებას, თუნდაც ღვთისადმი მიცემული ფიცის გამო.
3ნუ ისწრაფვი მისგან წასვლას და ბოროტ საქმეს ნუ დაადგები, რადგან რასაც ისურვებს, ყველაფერს გააკეთებს.
4ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?
5ცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა; ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს.
6ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს, ადამიანის უბედურება კი ის არის,
7რომ მან არ იცის; რა მოხდება; ან ვინ ეტყვის მას, როგორ მოხდება?
8არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.
9ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა; და ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ.
10კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.
11რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას.
12ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება; მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა.
13არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია.
14არის კიდევ ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: მართლებს ბოროტეულთა საქმეთაებრ მიეგებათ; და არიან ბოროტეულნი, რომელთაც მართალთა საქმეთაებრ მიეგებათ. ვთქვი: ესეც ამაოებაა.
15და შევაქე მე მხიარულება, რადგან არ ყოფილა სხვა სიკეთე ადამიანისთვის მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ სვას, ჭამოს და იმხიარულოს; ეს ყოველივე ახლავს მას მის საშრომელში დღენი მისნი, ღმერთმა რომ უბოძა მზისქვეშეთში.
16როცა გულს ვიდევ, შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყოველი საქმე, რაც ქვეყნად ხდება, ჩემს თვალებს ძილი არ უნახავთ არც დღე, არც ღამე.
17ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, რომ ვერ მიხვდება ადამიანი ვერაფერ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება; რაც უნდა დაშვრეს და იძიოს, ვერას მიხვდება; თუნდაც ბრძენკაცმა თქვას: მივხვდიო, ვერას მიხვდება.
Next