თავი - 7
Previous1კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა - გაჩენის დღეს.
2ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს.
3მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული.
4ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურთა ფიქრები - მხიარულების სახლში.
5სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან ქება-დიდებას.
6რადგან ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს; ამაოებაა ეს.
7გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს, ხოლო ქრთამი რყვნის გულს კაცისას.
8საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს; სულგრძელი კაცი სჯობს ამპარტავანს.
9გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს.
10ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას.
11კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
12სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს.
13შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს?
14კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც! ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს.
15ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთისოფელში: მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.
16ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები - რად გინდა, რომ შეძრწუნდე?
17მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე - რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე?
18უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს.
19სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული.
20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
21ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გაგინებს.
22რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს.
23ყოველივე ეს სიბრძნით გამოვიკვლიე; ვთქვი: ბრძენი ვარ-მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა ჩემგან.
24შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს?
25გულს ვიდევ, შემეცნო, შემესწავლა, გამომეკვლია, რა არის სიბრძნე და გონიერება, რათა მცოდნოდა, რომ უმეცრება ბოროტებაა.
26მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული,ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
27აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო.
28კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე: ათასიდან ერთი მამაკაცი ვპოვე, მაგრამ მათ შორის ვერა ვპოვე ვერცერთი ქალი.
29აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.
Next