Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის.
2მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა, უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება.
3კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.
4ფუჭად რომ მოვიდა და ბნელში წავიდა, ბნელში რომ დაინთქა სახელი მისი;
5ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.
6თუნდაც იცოცხლოს ორი ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს, რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა.
7ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
8რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?
9სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
10რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.
11ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს?
12რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
Next