თავი - 5
Previous1ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
2როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
3თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
4სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.
5ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?
6რადგან ბევრს სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს; შენ კი ღვთისა გეშინოდეს.
7თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი.
8უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ქვეყნისთვის იღწვის.
9ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
10ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება.
11ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.
12არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე.
13დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება;
14ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით.
15ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა. რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს?
16თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი.
17აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.
18კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.
19და რაკი ბევრს ვეღარაფერს გაიხსენებს კაცი თავის სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს.
Next