Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება.
2ბრძენს გული მარჯვნივ აქვს, ბრიყვს - მარცხნივ.
3სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
5არის სიბოროტე კიდევ, მზისქვეშ რომ ვიხილე: თითქოს მბრძანებლისაგან მომდინარე შეცდომა იყოს.
6სიბრიყვე განდიდდა მეტად, ხოლო მდიდრები დაბლა სხედან.
7ვნახე მონები, ცხენებზე მსხდარნი, ხოლო მთავარნი მონებივით ფეხით მავალნი.
8ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის დამანგრეველს გველი დაშხამავს.
9ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს.
10ცული თუ დაგიჩლუნგდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება; ჭკუით უნდა წარმართო საქმე.
11თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის.
12ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
13მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე.
14ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
15ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა.
16ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას!
17ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ, ძალთა მოკრებად, არა სალხინოდ!
18სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში.
19სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარული ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს.
20შენ ფიქრშიც კი ნუ აგინებ მეფეს, საწოლ ოთახშიაც ნუ აგინებ დიდებულს: რადგან ცის ფრინველი წაუღებს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს სიტყვას.
Next